„ქართული ოცნების" ახალ შეთავაზებას, უარყოფითად აფასებენ ოპოზიციაში. გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, მმართველი გუნდი 40%-იანი ბარიერის კანონში ინიცირებით, პროპორციულობის გარანტიებს არ ქმნის.
მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება" ახალი შეთავაზებით საზოგადოების მოტყუებას ისევ ცდილობს. ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ გარდა იმისა, რომ ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემის დანაპირებს არ ასრულებს, ამასთან არ აღიარებს პოლიტიკურ პატიმრებს და მათ განთავისუფლებას არ აპირებს, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, არასერიოზულია იმის თქმა, რომ საქართველოში სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოები არიანი.
„ნაბიჯები გადმოდგმულია, რომ რაღაცა უკეთესი წინადადები ყოფილიყო შემოთავაზებული, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც საზოგადოებას ვპირდებოდით და რაც ქვეყანას ჭირდება, რადგან პროპორციულობის გაზრდა მნიშვნელოვანია. ამასთანავე, პოლიტიკური კლიმატი ქვეყანაში უნდა იყოს უკეთესი. გაჯიუტება და იმის თქმა, რომ საქართველოში სასამართლო და მით უმეტეს პროკურატურა, დამოუკიდებელია, სერიოზულად არ აღიქმება“, - აცხადებს ბურჯანაძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების დაპირებებს არ ენდობა.
„რამდენჯერმე მომესმა ჟურნალისტები კითხვებს უსვამდნენ თუ რაში გამოიხატება გარანტიები, ამაზე პასუხებს არ სცემდნენ. არ გასცეს მარტივი მიზეზის გამო. ნებისმიერი 110/40-ზე სისტემური გარანტიები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დათქმითი გარანტიები. კობახიძეებისა და თალაკვაძის დათქმების იმედად, უბრალოდ, არ და ვერ ვიქნებით“, - განაცხადა ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს.
დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.
მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.
ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.
აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.
თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი ხელისუფლებამ მაშინ ჩაშალა, როდესაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა სამწლიან პატიმრობაში გაუშვა.
ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებდა, რომ 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართებოდაა, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა. ოპოზიციის უარის შემდეგ, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი საბოლოო შეთავაზება გააკეთა 110/40, მაგრამ მათ ოპოზიციისგან კვლავ უარი მიიღეს.
ამის შემდეგ ამერიკის ელჩის მოადგილესთან არაფორმალური შეხვედრები გაიმართა. მმართველი გუნდმა ზეწოლას კვლავ ვერ გაუძლო და კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთა, რომელიც მათი თქმით, „კვლავ ბოლოა“ და ამის იქით დიალოგის გაგრძელება არ აპირებენ. შეთავაზება შემდეგი სახისაა - 40%-ზე ნაკლები ხმების მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალება არ ექნება.
მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს ინდივიდუალური შეხვედრებიც შესთავაზა. „ქართული ოცნება“ მზადაა პირისპირ შეხვდეს ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას და 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ესაუბროს.