logo
ENG



ბობოხიძე:თბილისში მაჟორიტარებზე შეთანხმების ბოლო ეტაპს გავდივართ

16 ივნ 202011:35
3 წუთის საკითხავი
 

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია. ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მათ შესახებ ინფორმაცია 20 ივნისის აქციაზე გახდება ცნობილი. ახალი საარჩევნო სისტემით, რომელსაც პარლამენტმა კენჭი თვის ბოლოს  უნდა უყაროს, დედაქალაქში 8 მაჟორიტარული ოლქი იქნება, რომელთაგან „ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ ორ ოლქში დააყენებს საკუთარ კანდიდატურას.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ თბილისში მაჟორიტარებთან შეთანხმების პროცესი უკვე ბოლო ეტაპზეა და საზოგადოებისთვის კანდიდატები მალე გახდება ცნობილი

„თბილისში მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეჯერების ბოლო ეტაპს გავდივართ და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ, რომ ყველამ თავისი გეგმები და ამოცანები დასახოს, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, ოღონდ იქნება ეს 20-ში თუ 21-ში ესე რაიმე განსაკუთრებულ დღესთან მიბმული არ არის, მაგრამ ბოლო ფაზაშია და ძალიან მალე დასრულდება საბოლოო შედეგით“,-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაჟორიტარების ნაწილში ფართო ოპოზიციური გაერთიანება მომხდარიყო, მისი თქმით ახლა ჯერი დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებზეა.

„ჩვენ ძალიან ვგულშემატკივობთ ამ პროცესს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ როგორმე მომხდარიყო ფართო ოპოზიციური გაერთიანება მაჟორიტარების დონეზე თბილისში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ  ის პარტიები რომლებიც ახლა აწარმოებენ მოლაპარაკებას შეძლებენ მართლაც ფართო და მრავალფეროვანი მაჟორიტარების წარმოდგენას, ვნახოთ რა იქნება ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ ახლა იმ პარტიებმა უნდა დაასახელონ ის ადდამიანები რომლებიც წარსდგებიან მაჟორიტარებად“,-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 


close დახურვა