logo
ENG



ბოკერია: აბაშიძე-კარასინის ფორმატი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების ინსტრუმენტად იქცა

28 ნოე 202017:48
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია: აბაშიძე-კარასინის ფორმატი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების ინსტრუმენტად იქცა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანების ინსტრუმენტად იქცა. 

ბოკერიას შეფასებით, საერთაშორისო პარტიორების ჩართულობის გარეშე რუსეთთან მოლაპარაკებები საქართველოსთვის გრძელვადიანი ზიანია

"გრძელვადიანი ზიანია ამ ტიპის ფორმატი ამ შინაარსით და ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ამ შემსრულებლით

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი კატასტროფაა ყველაფერი ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს უკავშირდება. მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და ჩვენი სუვერენიტეტის თემასთან დაკავშირებით. უკვე მერამდენედ ხდება, ჩვენი მტრის პროპაგანდისგან ვიგებთ იმას, თუ რა გზავნილები აქვთ ივანიშვილის პოლიტიკურ კლოუნებს და ამ შემთხვევაში, ამ კლოუნ აბაშიძეს, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან დაკავშირებით". - თქვა ბოკერიამ. 

ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 27 ნოემბერს დისტანციურად შედგა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". 

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა. 

მოგვიანებით ზურაბ აბაშიძემ უარყო, რომ რუსეთის წარმომადგენელთან, გრეგორი კარასინთან 20 ივნისის საკითხი განიხილა. მისი თქმით, ის, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ამ საკითხზე წერია, მათივე ინტერპრეტაციაა. 

2019 წლის ივნისში, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობას პროტესტი მოჰყვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გადამეტებით დაშალა. დაშავდა ათობით მოქალაქე. პროტესტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა. რუსული მხარე განცხადებაში "პროვოკაციის უარყოფით შედეგებში" სწორედ ფრენების შეჩერებას გულისხმობს და მის აღდგენაზე ლაპარაკობს. 


close დახურვა