logo
ENG



ბოკერია: აშშ-ს მხარდაჭერა რუსეთისთვის პრობლემების შექმნაში უნდა გარდაიქმნას

23 ოქტ 201920:42
3 წუთის საკითხავი
 
r5bkmu5aokpk9fk.png

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“. ამის ფონზე, ხელისუფლება ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერის უპრეცენდენტობაზე საუბრობს. მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნებადემოკრატიის განვითარებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების კუთხით ძალისხმევას არ გამოიჩენს. იმ მხარდაჭერის საპასუხოდ, რომელიც ამერიკის კონგრესმა გამოხატა, ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება მოუწევს. საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ დოკუმენტი სრულად შეესაბამება ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით და იმედოვნებს რომ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სწრაფად გაფორმდება.  

„ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი ურთიერთობა ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში იყოს თანასწორი და თანაფარდი იმ ურთიერთობისა, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. თავად ის ფაქტი, რომ დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-თან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის კუთხით კავშირის გაღრმავება, უაღრესად მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ოპოზიცია ხელისუფლებას ეთანხმება, რომ რომ რეზოლუციით აშშ საქართელოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს, თუმცა ეს მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული შედეგებისთვის უნდა გამოიყენოს. ოპოზიცია ამბობს რომ ხელისუფლებამ რუსეთის მიმართ სანქციების, ვაჭრობის ხელშეკრულებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის უნდა იმუშოს, თუმცა ამის მოლოდინი არ აქვს.

„ეს უნდა გარდაიქმნას სანქციების მხრივ რუსეთისთვის პრობლემის შექმნაში. ჩვენ უნდა გყვავდეს მთავრობა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით ეფექტურად იმუშავებს, რომ რეალურად დაიწყოს ის პროცესი, რომელიც 2011 წელს გამოცხადდა და რომელიც ივანიშვილის გუნდის პასიურობამ შეაფერხა 2013-14-15 წლებში,“ - განუცხადა „ფორმულას“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.

უმრავლესობა კი ოპოზიციას სპეკულაციებში ადანაშაულებს. პარლამენტის ვიცე სპიკერი ოპოზიციის კრიტიკას საგარეო კურსის ცვლილების გამო ჭორაობას უწოდებს.

საერთაშორისო ურთიერთობისა და უსაფრთხოების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამერიკის მიერ გამოხატული მხარდაჭერა ბევრად აღემატება საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ამიტომ ხელისუფლებას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი.“ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული ქმედებების მხარდაჭერას. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და მოუწოდებს მოსკოვს სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.  

 


close დახურვა