logo
ENG



ბოკერია: ბოიკოტი ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, გვაქვს რწმენა, მორალურად გავტეხოთ ივანიშვილი

02 ნოე 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პარტიამ პარლამენტის ბოიკოტზე ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების მონოპოლიზაციის საშიში ტენდენციაა, რომელიც საქართველოს მომავლისთვის უკიდურესად საშიშია, ამიტომ მისი იზოლაცია აუცილებელია. 

ბოკერია ამბობს, რომ ევროპული საქართველო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ანიჭებს საპარლამენტო ცხოვრებას და ინსტიტუტებში მონაწილეობას უმცირესობაში ყოფნის დროსაც. 

"ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ძალიან მწარე მარცხი მიგვიღია, მაგრამ არ შეგვშინებია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება რადიკალური მომხრეს არ მოსწონებია". -თქვა მან. 

თუმცა, მისი თქმით, ახლა სხვა ვითარებაა. 

"ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების უზურპაციის ხარისხი დაშინებით, მოსყიდვით და მანიპულაციებით და ოპოზიციის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი არგუმენტები იმისთვის, რომ ოპოზიციამ მოახდინოს იზოლაცია ამ საშიში, პოლიტიკურად მომაკვდინებელი რეჟიმის და ადამიანის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. სწორედ ამიტომ იქნა პარლამენტის ბოიკოტზე ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, მორალურად გავტეხოთ ეს კაცი, მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა და რეჟიმი, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია ძალაუფლების მონიპოლიზაციის უაღრესად საშიში ტენდენცია დაშინებით, ძალადობით და ამ გაჭირვებაში მყოფი ხალხის მოსყიდვის. 

ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ვალია, ერთიანად დავუპირისპირდეთ ამას ყველანი, მათ შორის იმით, რომ ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ ყველაფერს და შემდგომი დღეების, კვირების განმავლობაში განმავლობაში ამ საკითხებში იყოს სრული ერთიანობა. ასე უნდა გავტეხოთ ეს რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გველის კიდევ უფრო მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნისთვის". - თქვა ბოკერიამ. 

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და გაყალბდა. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 

იყო ე.წ კარუსელებიც. მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ერთმა ადამიანმა ხმა მინიმუმ 10-ჯერ მისცა. 

ამომრჩევლის პირდაპირი გზით მოსყიდვის შემთხვევებიც. მედიებმა მოიპოვეს სიები, რომლითაც დასტურდება, რომ ამომრჩევლების ნაწილმა ხმა ფულის სანაცვლოდ მისცა. რამდენიმე მათგანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა, რომ მათ 40-50 ლარი გადაუხადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.


close დახურვა