ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, "ირიბად არის დაპატიჟება, რომ სანქციების დარღვევის შესაძლებლობა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიაზე".
ბოკერია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის 4 აპრილის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.
ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ სანქციების შესახებ სხვა შინაარსის განცხადებები უნდა გაეკეთებინა.
"როცა ასეთი საგანგაშო ინფორმაცია გახდა ცნობილი უკრაინის დაზვერვის მხრიდან - ერთი განცხადება მაინც თუ არის გაკეთებული საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველო იქცეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობად. აი ამ სიტყვებით, ვინმემ თქვა თუ არა, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობა არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებულ იქნას რუსეთისთვის სანქციების გვერდის ასავლელად.
მე არ მომისმენია ასეთი განცხადება. ან მეორე განცხადება, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც რუსეთს დაეხმარება სანქციების გვერდის ავლაში.
ასეთი განცხადებების ნაცვლად ჩვენ გვესმის ღარიბაშვილის მხოლოდ ერთადერთი განცხადება ღარიბაშვილის - "ეროვნულ ინტერესებზე წინ არაფერს დავაყენებთ და სანქციებს არ შევუერთდებით", რაც ირიბად არის დაპატიჟება, რომ სანქციების დარღვევის შესაძლებლობა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიაზე". - თქვა ბოკერიამ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამახურის ინფორმაცია რუსეთისკენ კონტრაბანდული იარაღის საქართველოს გავლით გატარების შესახენ.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინას მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მტკიცებულებები საქართველოს.