logo
ENG



ბოკერია: ივანიშვილი ეცდება, გაათამაშოს, თუ არა თავად, იქნება მიშა. ასე არაა, არც იქნება

07 სექ 202013:33
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერის, ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი, 2018 წლის მსგავსად, 2020 წლის არჩევნებზეც ეცდება, სათავისოდ გამოიყენოს.

თუმცა, როგორც ბოკერია ამბობს, ამჯერად ეს არ გამოუვა.

"ივანიშვილის პროპაგანდას ჯერ ერთი ჰქონდა სათამაშო - სააკაშვილის დაბრუნების საკითხი,დაბრუნება, როცა დაბრუნდება, რას უზამენ - მთელი ეს არანორმალური კონტექსტი ჩვენი ქვეყნისთვის, ახლა იქნება ეს - მისი პრემიერობის საკითხი.

ივანიშვილი შეეცდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად, ამ კარტის გათამაშებას, ოღონდ ამჯერად წარუმატებლად. ეს კარტია, რომ თუ ბიძინა არ იქნება, მიშა უნდა იყოს. ეს ასე არ არის, ეს ასე არ იქნება. იქნება გარდამტეხი ცვლილებები, იქნება კოალიციური, ევროპული მთავრობა, გონივრული კომპრომისებით, მაგრამ მკაფიო ხედვით - გადასახადების დაწევით, კერძო საკუთრებით, თავისუფალი სასამართლოთი და სწორ გზაზე დგომით, სწორი კომპასით". - თქვა მან.

ბოკერიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, საქართველო 2012 წლამდე ვითარება დააბრუნოს, ბიძინა ივანიშვილის მიზანი - არსებული ჩიხური მდგომარეობის შენარჩუნებაა, ევროპული საქართველო კი მოქალაქეებს ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებებს სთავაზობს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველია, ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი იქნება. ნაციონალური მოძრაობის ოფისში გრიგოლ ვაშაძემ განცხადება დღეს, 7 სექტემბერს გააკეთა. თავად სააკაშვილი 21:00 საათზე ილაპარაკებს, როგორ გეგმავს ქვეყანაში დაბრუნებას.

ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიშს მოუხადა და თქვა, რომ საქართველოში ბრუნდება. პასუხად ქართული ოცნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ.


close დახურვა