ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ.
ის ღარიბაშვილის და ქართული ოცნების მთავრობის სხვა წევრების დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა - მათ თქვეს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტურია და რომ ეს ომს ვერ შეაჩერებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსის ჯარი 40 კილომეტრში დგას, საქართველოს "1 წუთში თავდაყირა დაყენება შეუძლიათ", ამიტომ სანქციების დაწესების შემთხვევაში საფრთხე გვემუქრება. ირაკლი ღარიბაშვილმა კი კვლავ გაიმეორა, რომ 2008 წლის ომი ენმ-ის ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის ბრალია.
ბოკერიას შეფასებით:
"მაშინ, როცა მთელი თავისუფალი სამყარო დაკავებული არის უკრაინის მხარდაჭერით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციის დაკავებით, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებით, მაშინ როცა, დასავლეთში ყველა შემცდარმა გულწრფელმა სკეპტიკოსმა აღიარა, როგორ ცდებოდნენ, როცა 2008 წელს ნაწილობრივადაც კი საქართველოს მთავრობას აბრალებდნენ ომს, ჩვენ ქვეყანას ყავს ღარიბაშვილი, რომელიც დღესაც პუტინისტური ნარატივის გატარებითაა დაკავებული.
იმის ნაცვლად, რომ გვერდში დაუდგეს უკრაინას, რომელიც გვერდში გვედგა 2008 წელს, თან იზრუნოს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების განმტკიცებაზე პუტინის რუსეთის გარდაუვალი შემდგომი აგრესიის წინააღმდეგ, ეს კაცი ამ სიბინძურითაა დაკავებული". - თქვა მან.