logo
ENG



ბოკერია: ივანიშვილს სურს, გახარიას გუნდით ხმები გაუყოს საპროტესტო ელექტორატს

07 ივნ 202113:56
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა წერილმა დაადასტურა, რომ ქვეყანას თავად მართავს. 

"ის მართავს ქვეყანას, ის აკონტროლებს მთავრობას. გზავნილებიც კი, ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინანდელი ბოდვა სიტყვა-სიტყვით იგივეა, რაც ივანიშვილმა გაგვიმეორა დღეს. გვაცხოვრებს სისულელეების და ბოდვის მორევში". - თქვა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, ივანიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ სურს, გახარიას პოლიტიკური გუნდით ხმები საპროტესტო ელექტორატს გაუყოს. 

"დაადასტურა ის, რომ მას სურს, გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები. იმიტომ, რომ მომავალში ქართული ოცნების პოლიტიკურ შანსებს ძალიან რთულ მდგომარეობაში ხედავს. 

ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები, კონსოლიდირებულები და უნდა მოვემზადოთ თვითმმართველობის და ვადამდელი არჩევნებისთვის ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან კონსულტაციით, ტაქტიკასა და სტრატეგიაზე შეთანხმებით და ამომრჩეველთან ჩვენი გზავნილის მიტანით". - ამბობს ამბობს ბოკერია. 

ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 7 ივნისს, გიორგი გახარიას შესახებ ვრცელი წერილი გაავრცელა. 

მან გახარიას მიერ ქართული ოცნების დატოვებას გუნდის და სახელმწიფოს ღალატი უწოდა, რაც "გაუგონარი მიზეზით მოხდა". 

ივანიშვილის თქმით, ის არ შექმნიდა ფსევდო პარტიას, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა კი მისთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. ივანიშვილის შეფასებით, გახარიას პარტიას არ აქვს იდეოლოგიური და კონცეპტუალური საფუძველი. 

ასევე, ივანიშვილის განცხადებით, გახარიას პარტია "აშკარად მოაზრებულია, როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად". 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

29 მაისს კი თავისი პარტია საქართველოსთვის წარადგინა. 


close დახურვა