logo
ENG



ბოკერია: მივმართავთ ალმას, მოგვცეს ჩვენი ბანერების განთავსების უფლება

29 სექ 202117:47
3 წუთის საკითხავი
 

გიგა ბოკერია კომპანია ალმას მიმართავს, ევროპულ საქართველოს მათ მიერ დამზადებული ბანერების განთავსების უფლება მისცეს. 

ბოკერია ამბობს, რომ ვინაიდან ალმა დათანხმდა ე.წ სისხლიანი ბანერების განთავსებაზე და მიუთითა, რომ პოლიტიკური შინაარსი არაფერ შუაშია, ახლა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სატირაც გამოაკრას

"სწორედ იმიტომ, რომ მათთვის ეს პლაკატები აღმოჩნდა ძალიან მტკივნეული, ჩვენ გავაგრძელებთ მის გავრცელებას, ამას გარდა გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, ყველამ იცის ეს სამარცხვინო ამბავი სისხლიანი ბანერების, რომლებიც გადააკრეს ვაქცინაციის ბანერებს და როგორი იყო ურთიერთ დამოკიდებულება და თითის გაშვერა, ჩვენ ახლა მივმართავთ კომპანია „ალმას“, რადგან მათ თქვეს, რომ პოლიტიკური შინაარსი არაფერ შუაშია და ისინი უბრალოდ კომერციული სტრუქტურა არიან, ვინც იმავე სტანდარტით და თანხის ოდენობით მოითხოვს რეკლამის განთავსებას, მასაც განათავსებინებენ ბილბორდებს, ჩვენ ვაპირებთ, რომ მივუტანოთ ეს პოსტერი, რათა ნებისმიერ ცენტრალურ ადგილას განათავსონ ბანერი". - თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს მხარდამჭერებმა 27 და 28 სექტემბერს თბილისში პოსტერები გააკრეს. ბანერზე გამოსახულია ბიძინა ივანიშვილი ღორის ცხვირით. ეს ჯორჯ ორუელის ნაწარმოებით, ცხოველების ფერმით შთაგონებული ალეგორიაა. 

თბილსერვის ჯგუფმა პარტიის პლაკატები კედლებიდან მალევე გააქრო. 

პარალელურად, "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს". - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ცესკოს განცხადებით, სისხლიანი ბანერების დამკვეთი კერძო პირია და არა პარტია, ამიტომ არც დარღვევაა. 


close დახურვა