logo
ENG



ბოკერია: მიჭირს არჩევანის გაკეთება, ვინ უფრო ეგზოტიკური კლოუნია - წულუკიანი თუ კობახიძე

22 ივნ 202021:27
3 წუთის საკითხავი
 

„სულ მიჭირს ხოლმე არჩევანის გაკეთება, ვინ არის ივანიშვილის კლოუნების გარემოცვაში უფრო ეგზოტიკური - წულუკიანი თუ კობახიძე“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ევროპულ საქართველოს“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა ელჩებმა აიძულეს.

როგორც ბოკერიამ სოფო ზურაბიანის გადაცემა „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, მისმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენაზე მხარს აღარ დაუჭერს.

„ჩვენ არ მივიღებთ მომდევნო კენჭისყრებში მონაწილეობას. ივანიშვილს ან მოუწევს გიორგი რურუას გამოშვება, რომ ჩვენი ხმები მიიღოს, ან თავისით გატანა იმის, რაც არ უნდოდა. არ მინდა ცუდ სცენარზე ვისაუბრო, თუ ამ ცვლილებებსაც ჩააგდებს, არის სხვადასხვა ზღვრები ოლიგარქების პირობებში მათი ტრაგიკული პოლიტიკური ბედის. არის ცუდი სცენარები, ძალიან ცუდი და კიდევ უფრო ცუდი სცენარები. ასეა ახლა ივანიშვილის საქმე. ჩვენ „ევროპულმა საქართველომ“ ვიზრუნეთ იმაზე, რომ მას არ ჰქონოდა ილუზია, რომ გამოძვრება, რომ ვერ ეთქვათ „აი არ მოვიდნენ და ჩავარდა, რა ვქნათ“. ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია. ივანიშვილს ამ ისტერიულ მდგომარეობაში ეს ესმის თუ არ ესმის, ამაზე ვერ ვივარაუდებთ. მაგრამ პარადოქსია ისიც, რომ ამ კლოუნს [ირაკლი კობახიძეს] და ყველას სხვას, მათაც სჭირდებათ... ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ ყველამ და ნორმალური პოლიტიკური განვითარება, როცა არჩევნებით იცვლება ხელისუფლება და დაჭერების მუქარით არ ხდება ეს ყველაფერი, დადებულ სიტყვას ფასი აქვს შენი ქვეყნის, საზოგადოების საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ეს უნდა იყოს თამაშის წესი. ივანიშვილი თუ ამ თამაშის წესს კიდევ დაარღვევს, ცუდია ქვეყნისთვის, თუმცა ის ვერ გადარჩება. ჩვენ „ევროპული საქართველო“ მზად ვართ ყველა სცენარისთვის, ოღონდ ყოველთვის ვცდილობთ, რომ იყოს ქვეყნისთვის უკეთესი სცენარი. სწორედ ამიტომ შევედით პირველ მოსმენაზე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


close დახურვა