logo
ENG



ბოკერია: მოლაპარაკების პარალელურად პროტესტი გაგრძელდება, შეიძლება ხანგრძლივი პროცესი იყოს

14 ნოე 202015:35
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პარალელურად, აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესებს არ იღებს. 

რუსთაველის გამზირზე აქციის დაწყებამდე ბოკერიამ თქვა, რომ მიზნის მიღწევამდე გასავლელი გზა შესაძლოა ხანგრძლივი იყოს და ის მოლაპარაკებების პარალელურად წარიმართოს, მაგრამ ამის შეჩერება არ შეიძლება. 

"მშვიდობიანი გზით წერტილის დასმას სჭირდება იმ სამარცხვინო პროცესის, რომელსაც არჩევნები ერქვა, შედეგების გაუქმება ამა თუ იმ ფორმით და ახალი არჩევნების ჩატარება. ამის მიღწევას სჭირდება როგორც მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც სწრაფად არ დასრულდება იმ შედეგით, რაც ჩვენ გვსურს, ისე - აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ საზოგადოების კრიტიკული ნაწილი არ იღებს ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებს. 

ამას სჭირდება პროტესტი ქუჩაში. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იყოს ყოველწუთიერი აქციები. შეიძლება დიდი დროც დაგვჭირდეს. მაგრამ ამ პროცესის შეჩერება არ შეიძლება. შეიძლება იყოს პაუზა, მაგრამ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და იყოს მტკიცე და მშვიდობიანი. ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ იმ ვითარების შექმნის, რომ ეს ნორმალური ვითარებაა და აქ ავტორიტარული რეჟიმი ისე დამყარდა, რომ ამას საზოგადოება წინააღმდეგობას არ უწევს. ამას სჭირდება ახალი შედარებით ან მთლიანად ნორმალური არჩევნები" - თქვა ბოკერიამ. 

მან 2019 წლის მოვლენები გაიხსენა, როცა ხელისუფლებამ დადებული პირობა გატეხა და პროპორციული არჩევნების შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი ჩააგდო. თუმცა, საბოლოოდ, 2020 წლის 8 მარტს მიღწეულ იქნა "თითქმის პროპორციული არჩევნები". 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია ითხოვს არჩევნების ხელახლა ჩატარებას ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

აქციამდე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი გაიმართა. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებას მათთან კონკრეტული შეთავაზებები ექნებოდა, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციური პარტიების წევრებმა თალაკვაძის წინადადებას აღმაშფოთებელი უწოდეს, თუმცა, დეტალებზე არ ულაპარაკიათ. 


close დახურვა