logo
ENG



ბოკერია: პრაიდზე პოლიცია მაინც გამშველებლის როლშია და ეს ძალადობის წახალისებაა

02 ივლ 202115:55
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია ისევ "გამშველებლის როლში" იყო. ამაზე ბოკერიამ გადაცემა კომენტარში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პოლიციის ასეთი ქმედებები ძალადობრივი ჯგუფების მიმართ წამახალისებელია ხოლმე.

"ვხედავთ სურათს, როდესაც ამ ხალხს ეძლევა შესაძლებლობა არამარტო სიტყვიერი შეურაცხყოფის, არამედ დისტანციურად შეურაცხყოფის, პოლიციელებზე თავდასხმის და მათ ამით პრობლემა არ ექმნებათ. მაინც გამშველებლის როლშია პოლიცია და ეს არის წახალისება ამ ტიპის ჯგუფებისთვის არა მხოლოდ 5 ივლისისთვის, არამედ შემდგომი პერიოდისთვის, რომ ისევ იძალადონ და რეალურად, ჰქონდეთ განცდა, რომ ისევ დაუსჯელები დარჩებიან", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისა და სასულიერო პირების მიერ გაკეთებული განცხადებები პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით, პირდაპირ უქმნის საფრთხეს არამხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ ყველა მოქალაქის თავისუფლებას.

"ივანიშვილის გარემოცვის პოლიტიკური ფიგურების განცხადებებმა პირდაპირ წაახალისეს ძალადობა თავისი სრულიად ანტიკონსტიტუციური პოზიციის დაფიქსირებით, რომ მოქალაქეების ამ ჯგუფს და მათი უფლებების მხარდამჭერ მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გამოხატონ თავისი აზრი, ეს კომბინაცია და ამას დამატებული სასულიერო პირების ნაწილის განცხადებები, პირდაპირ უქმნის ხიფათს თავისუფლებას არა ამ ჯგუფის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის და ყველა მოქალაქის", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ამ ტიპის საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დროს მთელი ქვეყნის ბედი წყდება.

"ამ ტიპის საკითხების გარკვევისას წყდება ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი, როგორ მოგვექცევიან თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ვითარებაში ხელისუფლება, უმრავლესობაში მყოფი ჯგუფები ან აგრესიული ჯგუფები. ეს თუ არ გადატეხე ერთხელ და სამუდამოდ, მუდმივად ასეთ ჯოჯოხეთში მოუწევს ცხოვრება არამარტო უმცირესობებს, არამედ მთელ ქვეყანას", - განაცხადა ბოკერიამ.

პრაიდის პირველი ღონისძიება გუშინ საღამოს, პირველ ივლისს გაიმართა. ტერიტორიაზე პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა მოწყობილი. ღონისძიების მონაწილეთა  ნაწილმა ტერიტორია საკუთარი ავტომობილებით დატოვა, ნაწილი კი პოლიციამ მიკროავტობუსებით გაიყვანა. მათ ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები და კვერცხები ესროლეს.

ღონისძიება პოლიციის დახმარებით დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

შსს-მ 23 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათგან 20 შსს-მ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, 3 კი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში.

საქართველოში Tbilisi Pride-ის კვირეული ივლისის ჩათვლით გრძელდება. 


close დახურვა