logo
ENG



ბოკერია: პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი

07 აგვ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია: პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი

"ეს დღე არის ტრაგიკული დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში ბოლო აქტიური და მასშტაბური აგრესიის დღე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელიც მრავალი წელია, ჩვენი თავისუფლების მთავარი საფრთხეა", - თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

ბოკერიას თქმით, პუტინის რუსეთი საქართველოს მტერია და ქართულმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

​ასევე, ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის თავისუფლების დაცვისთვის საზოგადოების სიმტკიცე და ერთობაა საჭირო.

"დღეს არის დღე, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა ოკუპირებულ საქართველოში. მათმა თავგანწირვამ, ქართულმა საზოგადოებამ და შემდეგ დაგვიანებულად, მაგრამ მაინც, თავისუფალი სამყაროს პრინციპულმა მხარდაჭერამ შეგვინარჩუნა ჩვენ სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ვალია, რომ ამ მონაპოვარს გავუფრთხილდეთ და გვესმოდეს, რომ ვერ მოიტყუებ თავს, რომ მტერს მტერი არ დაუძახო.

პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ომი, მაგრამ პირველ რიგში თავიდან ავიცილოთ საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის და როცა საქმე მიდის ჩვენი სამშობლოს თავისუფლების დაცვაზე, ამისთვის გვჭირდება საზოგადოების სიმტკიცე და ერთიანობა",-აცხადებს ბოკერია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია. 


close დახურვა