ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ უტიფრობაა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, ამ შემთხვევაში, სოზარ სუბარის რეაქცია ტვ პირველის ეთერით გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ.
ბოკერიას თქმით, ის და მთლიანად პარტია საზიანოდ მიიჩნევენ იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას, რომლის კანონიერებაც დადგენილი არ არის.
მოუხედავად ამისა, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლების რეაქცია ფარისევლობაა, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ მთელი პოლიტიკური კარიერა ფარულ ჩანაწერებზე ააწყო.
"ივანიშვილის გარემოცვის და პოლიტიკური გუნდის უტიფრობა - მათ მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ააწყო და არც ერთი პოლიტიკური ციკლი არ გამოუტოვებია, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული აუდიოჩანაწერები, მათ შორის ვითომ უკრაინის ვებ გვერდებზე განთავსებული ჩანაწერები გამოეყენებინა პოლიტიკური კამპანიისთვის, სისხლის სამართლის გამოძიებებს იწყებდნენ ამაზე დაყრდნობით, ბრალი აქვთ წარდგენილი ხალხისთვის.
ამ ხალხმა ასეთ სიბინძურეზე ააწყო თავისი კამპანია და ახლა არიან ამით აღშფოთებულები?". - თქვა ბოკერიამ.
ტვ პირველის ეთერში გავიდა შაბათის გადაცემის ანონსი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ სკოლის მოსწავლეების დაშინებაზე ლაპარაკობენ.
ანონსის გამოქვეყნებიდან მალევე ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა თქვა, რომ ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული, ამასთან დამონტაჟებული და ფაბრიკაციაა და რომ ეს სააკაშვილის და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერაა.
მან ჩანაწერის ეთერში გაშვების აკრძალვაზეც ისაუბრა.
"მიუხედავად იმისა, რომ როცა ხელისუფლებაში მოვედით, ამისთვის არაერთი პირი გასამართლდა, პასუხისგებაში მიეცა და ათასობით ჩანაწერი განადგურდა, როგორც ჩანს, მათ შავი არქივი წაღებული აქვთ და დღემდე იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად. ამის გამოვლინებაა ის, რაც ახლა ხდება - მორიგი ფაბრიკაციის გამოქვეყნებას აპირებენ და წინასწარ ატერორებენ საზოგადოებას. ესაა ჩვეულებრივი დანაშაული, კრიმინალი. ეს ისევ სააკაშვილის ხელწერაა. ქურდს რომ ქუდი ეწვის, გამოჩნდა იქიდან, რომ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გააზიარა ის. ამაზე, სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას, მაგრამ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია და შეაფასოს, რა ჰქვია ასეთი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას".
გიგა ბოკერიას თქმით, მედიის მიერ ჟურნალისტური საქმიანობით მოპოვებული ჩანაწერის ეთერში გაშვების აკრძალვა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
"ჩვენი კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები ძალიან მკაფიოდ ხდის, რომ ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების გამო მისი გამოქვეყნების აკრძალვა არის სრულიად დაუშვებელი და სიტყვის თავისუფლების აკრძალვა. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს". - ამბობს გიგა ბოკერია.
ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც.
ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მხოლოდ ეფექტიანი გამოძიებით შეიძლება შეფასდეს ჩანაწერის ავთენტურობა და დადგინდეს ნამდვილობა, შინაარსი კი ცალკე გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
"წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია, საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს - შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს".- დაწერა ლომჯარიამ ფეისბუქზე.