logo
ENG



ბოკერია: უნდა ვფოკუსირდეთ ხმების დაცვასა და მეორე ტურებში გამარჯვებაზე

02 ოქტ 202121:40
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ახლა პოლიტიკოსები უნდა ფოკუსირდნენ ხმების დაცვასა და მეორე ტურში გამარჯვებაზე. 

"რაც ვიცით, ნათელია, რომ თბილისში ქართულმა ოცნებამ მწარე მარცხი იწვნია. ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდ ქალაქებსა და საკვანძო რაიონებში არის მსგავსი ვითარება. ყველა შემთხვევაში, რა შედეგიც არის - ყველა იმ მოქალაქის ხმის დასაფასებლად, ვინც ეს სამოქალაქო ვალი მოიხადა, ჩვენი მიზანია ამ ხმების დაცვა. ჩვენ, უდიდესი ალბათობით, გველის მეორე ტური. თითქმის 100%-იანი ალბათობით მეორე ტური გველის თბილისშიც. ჩვენ ახლა უნდა ვფოკუსირდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგების დაცვაზე და შემდეგ მეორე ტურებში გამარჯვებაზე ყველგან, სადაც ეს მეორე ტური მოიპოვეს ჩვენმა მოქალაქეებმა". - თქვა მან ეგზიტპოლების შედეგების შეფასებისას. 

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 18:00 საათისთვის ასე განაწილდა: 

კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 - 43%

ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 39%

გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 - 7%

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.


close დახურვა