ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ვიზიტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრის გარეშეც მისი გზავნილი ძალიან მკაფიო იყო.
როგორც მან ფორმულას ეთერში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პომპეო საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმირებულია.
"შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სასამართლო ხელისუფლებაზე როცა იყო საუბარი, ეგ თემა მოიცავდა არჩევნებსაც. [ოპოზიციასთან] შეხვედრა რომ ყოფილიყო, ამას გამოვიყენებდით, მაგრამ ამ შეხვედრის გარეშეც ძალიან მკაფიო იყო სახელმწიფო მდივნის გზავნილი სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე, საჯაროდ რაც ჩაითვალა საჭიროდ", - თქვა ბოკერიამ.
მისი განცხადებით, მშვიდობიანი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ივანიშვილი კი გონს მოეგოს.
"ერთი დასკვნაა, რაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს და უკვე აქვს - ეს ბრძოლა მშვიდობიანად უნდა გავაგრძელოთ და ივანიშვილი რაც უფრო სწრაფად მოეგება გონს, ამ გზავნილების შედეგად და ქართული საზოგადოების გზავნილის შედეგად, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მისთვის პერსონალურად და გონს მოგება გულისხმობს ახალი არჩევნების დანიშვნას", - აღნიშნა ბოკერიამ.
საქართველოში პომპეოს ვიზიტი უკვე დასრულდა. ის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პატრიარქსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.