logo
ENG



ბოკერია - მთავრობას არ უნდა გაეშვა სიგნალი, რომ საგანგებო მდგომარეობა ეკლესიაზე არ ვრცელდება

14 აპრ 202022:50
3 წუთის საკითხავი
clock 409

დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საპატრიარქოში სრულიად უპასუხისმგებლო, სახელმწიფოს და კონსტიტუციის საფუძვლების მომრყევი პოზიცია აქვთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განცხადა.

მან ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როდესაც მმართველმა გუნდმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ეკლესიისთვის არ უნდა გაეგზავნათ სიგნალი, რომ ეს მათზე არ ვრცელდებოდა.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ თუ კანონს ყველა მოქალაქე არ დაემორჩილება, შეზღუდვები აზრს დაკარგავს და მხოლოდ კანონმორჩილ ადამიანებს დააზარალებს.

„როცა ირკვევა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ყველაზე დიდი და გავლენიანი რელიგიური ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, საპატრიარქო სასულიერო პირების და მრევლის დიდი ნაწილი საერთოდ არ ემორჩილება ამ წესებს და თავყრილობები გვაქვს ამხელა, ზიარება ერთი კოვზით და ურთიერთშეხება, ვნახეთ რელიგიურ დღესასწაულებზე რაც ხდებოდა, ეს ყველაფერი რომ საფრთხეა მთავრობის ლოგიკითვე ხომ აშკარაა. მთელი ქრისტიანობამ, მათ შორის მართლმადიდებლურმა სამყარომ შეწყვიტა ეს. მრწამსს კი არ დაუპირისპირდნენ - შეწყვიტეს, იმიტომ რომ სამოქალაქო წესები აქვთ ბევრგან თვითონ და ბევრგან როცა მთავრობამ შემოიღო წესები, შემდეგ შეწყვიტეს. წესები ყველაზე არ უნდა ვრცელდებოდეს?! აბა რისთვის არის ეს წესები. გარდა იმისა, რომ უსამართლოა, პრაქტიკული შედეგები რატომაც უზღუდავს მთავრობა მოქალაქეებს ამ საქმიანობებს, რაც მათ ურტყავს ჯიბეზე, თუ ეს ჩვენივე მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილიდან არ სრულდება, ეს ხომ აზრს კარგავს და მხოლოდ კანონმორჩილ ადამიანებს აზარალებს. როცა დიდი გავლენა გაქვს, დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება ამას. სრულიად უპასუხისმგებლო, სახელმწიფოს და კონსტიტუციის საფუძვლების მომრყევი პოზიცია აქვთ მათ [საპატრიარქოს]. ის რომ არ ემორჩილებიან შეზღუდვებს და ასეთი რისკის ქვეშ აყენებენ სხვებს, ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა.  მთავრობას არ უნდა გაეშვა სიგნალი თავიდანვე, როდესაც საგანგებო მდგომარეობა მიიღო, რომ ეს არ ვრცელდება ეკლესიაზე. გახსოვთ ალბათ ბატონი არჩილ თალაკვაძის განცხადება, „ეს რწმენის თავისფულებაზე არ ვრცელდებაო“, ან პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „კომპრომისს ვიპოვითო“. რა კომპრომისზეა საუბარი?! პანდემიასთან კომპრომისი არ არსებობს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

 


close დახურვა