logo
ENG



ბოკერია ISFED-ზე: ხელისუფლება შეცდომას დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისთვის იყენებს

25 დეკ 202018:52
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/25/hei8fxvh5qxwmve.jpg

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ორგანიზაციის მიერ დაშვებულ შეცდომას მისთვის დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისთვის იყენებს.

"ეს არის დამახასიათებელი ყველა ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმისათვის, რომ ყველა ვითარების გამოყენებას ცდილობ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისათვის, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, მნიშვნელოვანის, როგორიც სამართლიანი არჩევნებია.

როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ, ეს რეაქცია თვითონ მეტყველებს, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ერთია შეცდომა და მეორეა, როცა არის ხელისუფლება, რომელსაც ამ შეცდომის გამოყენება უნდა რეალურად მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისათვის",-ამბობს ბოკერია.

ცნობისთვის, 11 დეკემბერს ISFED-მა პარალელური ხმის დათვლის შედეგების ჩასწორების შესახებ ამცნო საზოგადოებას და განაცხადა, რომ შეცდომის მიზეზი ხმების დათვლის ფორმულაში დაშვებული ხარვეზი იყო, რომლის გამოც, პროგრამა ნამდვილ ბიულეტენებთან ერთად ბათილ ბიულეტენებსაც ითვლიდა. ჩასწორებული შედეგების მიხედვით, მონაცემები ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი მონაცემების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციაზე ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებისთვის გადაეხედათ.

ამ ფონზე, მმართველი გუნდი ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობს და ამბობს, რომ ISFED-ის წარმომადგენლებმა ხმების დამთვლელ ფორმულაში ხარვეზი ოპოზიციასთან შეთანხმებით დაუშვეს, რასაც სპეკულაციას და არჩევნების რეალური ხარვეზებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს ორგანიზაციის გადაყენებული თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე. 

ოპოზიციის წარმომადგენლები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები არაფერს ცვლის არჩევნების გაყალბების მტკიცებაში, რადგან ხმების პარალელური დათვლა არ ასახავს მოსყიდვას, დაშინებას, ე.წ. კარუსელებსა და ხმების ჩაყრას.

ამ მოვლენებს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის თანამდებობიდან გადაყენება მოყვა. 


close დახურვა