logo
ENG



ბოკერია დმანისზე: მოვუწოდებ პოლიციის ხელმძღვანელობას, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან

17 მაი 202113:10
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და პოლიციელებს მოუწოდა, დამკვირვებლის როლიდან გამოვიდნენ. 

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც საქმე მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს ეხებოდა, პოლიცია სწრაფად რეაგირებდა, ახლა კი ძალადობის აღკვეთას ან არ ვერ ახერხებს. 

"პირველ რიგში, უნდა მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ხელმძღვანელობას, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან. მათი ფუნქცია არის ძალადობის აღკვეთა სწრაფად. კარგად გვახსოვს, როგორ რეაგირებდნენ, როდესაც ეს ეხებოდა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ინტერესებს, როცა შეშის შეტანის გამო, აქციაზე იღებდნენ უმკაცრეს ზომებს, იყო მობილიზებული პოლიცია და აკავებდნენ ადამიანებს სწრაფად. ახლა კი ვხედავთ საათების განმავლობაში ძალადობას, რომლის აღკვეთასაც ვერ ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა, არ აძლევს შესაბამის დავალებას პოლიციელებს", - განაცხადა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, ის, რაც დმანისში ხდება, ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია, რადგან მმართველი გუნდი წლების განმავლობაში ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს. 

"ეს ვითარება არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის. ეს არის შედეგი ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამოყენებისა პოლიტიკური ამოცანებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ეწევა ივანიშვილის რეჟიმი და ეს არის შედეგი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების და ძალადობის გამოყენებისა საარჩევნო ამოცანებისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამ რეგიონში იყო ფართოდ გამოყენებული წლების განმავლობაში", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. 

დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. 

დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით არის შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ. 

16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. 

საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით. 

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. 

მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.

მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას სიშვიდისკენ მოუწოდა.


close დახურვა