logo
ENG



ბოკერია ვაშაძეზე: სიცრუეა, თითქოს ოპოზიციასთან რაღაც მოლაპარაკება იყო დანიშნული და ჩაიშალა

12 ნოე 202016:39
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/12/rnlwspob6aiqagr.jpg

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადება, რომ "სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა", სიმართლეს არ შეესაბამება და "უბრალოდ სიცრუეა".

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მოლაპარაკებები საჭიროა და ის უნდა შედგეს, თუმცა მხოლოდ ერთ საკითხზე - ხელახალი არჩევნების ჩატარება.

"გარდა იმისა, რომ გაუგებარი ცნობიერების ნაკადი მოვისმინეთ, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით, მთავარი საკითხი, რაშიც მინდა იყოს სრული სიცხადე, არის შემდეგში - საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს ის, თითქოს რაღაც მოლაპარაკებები მთლიანად ოპოზიციასთან, ან მის ნაწილთან იყო დანიშნული და ჩაიშალა, ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, უბრალოდ სიცრუეა.

სამარცხვინო ამბავია, რასაც ვხედავთ. მე მესმის, რომ ყველა ადამიანი არ არის მზად, კრიზისის დროს რომ პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ ამ ფორმით მოხსნა პასუხისმგებლობის, არის ძალიან ცუდი საქციელი საკუთარი პარტიის და სხვების მიმართაც. წულუკიანს უყვარს ხოლმე აგიოგრაფიული ნაწარმოების ციტირება, ამ შემთხვევაში მართლა შესაბამისია, რომ "ირყეოდნენ, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო", - თქვა ბოკერიამ.

11 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უნდა გამართულიყო, ბოლო მომენტში ჩაიშალა.

რუსთავი 2-თან ინტერვიუს წინ უძღოდა 10 ნოემბრის ორი განცხადება, რომელიც ვაშაძემ წერილობით გაავრცელა. 

პირველ განცხადებაში ენმ - ძალა ერთობაშიას ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განცხადა პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა. 

განცხადებაში ის ამბობდა, რომ აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადავო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".

ვაშაძე აქვე აღნიშნავდა, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.

მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს" და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს - მოლაპარაკება მოკავშირეების მედიაციით.


close დახურვა