logo
ENG



ბოკერია კარტოგრაფებზე: მათ მოგვცეს უსამართლობის ღირსეულად მიღების გამორჩეული მაგალითი

29 იან 202101:29
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია კარტოგრაფებზე: მათ მოგვცეს უსამართლობის ღირსეულად მიღების გამორჩეული მაგალითი

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ მათი საქმე საქართველოს ისტორიაში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს შორის გამორჩეულად სამარცხვინოა. 

"მათ არ ეკუთვნით არც გირაო, არც სამსახურიდან გათავისუფლება და არც ამ სამარცხვინო გამოძიების გაგრძელება", - წერს ბოკერია, - " მაგრამ მათი საპატიმროდან გათავისუფლება მაინც ძალიან კარგი ამბავია".

ბოკერიას თქმით, სამოქალაქო ორგანიზაცია სირცხვილიას ანგარიშზე ორივე კარტოგრაფის გირაოს სრული თანხის 2 საათში შეგროვება ამ საქმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას აჩვენებს. 

"ეს შეიძლება ტესტად გამოგვადგეს, თუ როგორია სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება ამ სამარცხვინო პოლიტიკური დევნის მიმართ", - წერს ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, კრიზისული პოლიტიკური ვითარების განმუხტვისკენ სწორედ მაშინ წავა პროცესი, როდესაც ხელისუფლება, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გაათავისუფლებს. 

"როდესაც ამას მოჰყვება კიდევ ერთი პოლიტპატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლება, შეიძლება ჩავთვალოთ რომ კრიზისის განსამუხტად ერთი ნაბიჯი გადაიდგა", - განაცხადა ბოკერიამ. 

დღეს სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო სასჯელი თითოს 20 0000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.


close დახურვა