ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე ამბობს, რომ "ყველა ინფორმირებული ადამიანისთვის ასეთი განცხადებები უნდა იყოს საგანგაშო".
მისი თქმით, ლავროვის განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან.
"პუტინის რუსეთს, პუტინს, ლავროვს ახარებს, როდესაც საქართველო არის იზოლირებული დასავლეთისგან და მისი აგრესიისგან არის დაუცველი.
ეგ იწვევს სწორედ სიხარულს და ყველამ, ვინც აქამდე მოტყუვდა ივანიშვილის პროპაგანდით, რომ თითქოს ეს ნიშნავს, რომ გადავრჩით რუსეთის თავდასხმას, უნდა გაიხსენოს მაგალითები, თუ რა მოსდით რუსეთის მოკავშირეებს, მათ შორის, ღია მოკავშირეებს, გაიხსენოს რა მოუვიდა ჩვენს მეზობელს, რა მოუვიდა თავის დროზე შევარდნაძეს, როცა დაუთმო, რა მოუვიდა იანუკოვიჩს, ამიტომ ეს განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან, ისევე როგორც ეს იყო 90-იან წლებში", - თქვა ბოკერიამ.
დღეს, 18 იანვარს ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობას იმის გამო, რომ ის "დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს".