logo
ENG



ბოკერია ლექსო ლაშქარავაზე: მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს რეჟიმს

11 ივლ 202114:51
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია, ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. 

ბოკერიას თქმით, არსებობს კავშირი ოპერატორის გარდაცვალებასა და 5-6 ივლისს განხორციელებულ ძალადობას შორის.

"თუმცა, დღეს მთავრობის განხორციელებულმა მოქმედებებმა ცხედართან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდი აღშფოთება გამოიწვია და ამით კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმს". - ამბობს ბოკერია. ლექსო ლაშქარავას ცხედარი კრიმინალისტებმა ექსპერტიზაზე ნაჩქარევად და მისი ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად გადაიტანეს. 

ბოკერიამ აღნიშნა, რომ აქტიურმა მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა თუ საზოგადოებრივმა ფიგურებმა უნდა გამოიჩინონ პრინციპულობა და სიმტკიცე, რომ არ მისცენ გასაქანი ამ სიძულვილს და გარე მტრის ამოცანებს ქვეყნის შიგნით.

"ივანიშვილის რეჟიმმა, პირველ რიგში, არამარტო წაახალისა ან არ დასაჯა მოძალადეები, არამედ პრაქტიკულად დაგეგმა. ის წლებია იყენებს ასეთ ძალადობას და პუტინისტურ ჯგუფებს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ოპონენტების წინააღმდეგ.

ჩვენი მორალური ვალია, რომ მარტო მორალური განაჩენი კი არა, პოლიტიკური განაჩენი გამოვუტანოთ ამ ხელისუფლებას მისი შეცვლით, ამის გარეშე ამ ჯოჯოხეთური გზიდან ვერ გამოვალთ. ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი არის მთავრობის ხელით დაცული, მისი თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა კუთვნილებისა და მთავრობა, რომელიც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებასა და საკუთარი ქვეყნის შიგნით საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებაზე ზრუნავს და არა ამ თავისუფლების შეწირვით ძალაუფლების შენარჩუნებაზე, რასაც ახლა სიცოცხლე შეეწირა". - თქვა გიგა ბოკერიამ. 

ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მაშინ სცემეს, როცა ძალადობრივი ჯგუფების მოძრაობა სირცხვილიას შეჭრას იღებდა. ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელიც 5 ივლისს მასთან ერთად მუშაობდა, ყვება, რომ ის რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააკავა, კიდევ 2 ათეული მოძალადე კი ლექსო ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდა. 

ლაშქარავა გარდაცვლილი მისი ოჯახის წევრებმა 11 ივლისს, გამთენიისას ნახეს. მათი თქმით, ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ამ წუთებში მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს. 

18:00 საათზე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიგეგმა. დემონსტრანტები პრემიერმინისტრის და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. 

პრერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. 


close დახურვა