ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ აზრი არ აქვს ლელოს ინიციატივას, პარლამენტში დაიბაროს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
"ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება ივანიშვილის ნაბიჯების შედეგად გასცდა იმ ზღვარს, როდესაც სხვა ვითარებაში, ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ ვითარებაში ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იქნებოდა.
ჩვენ ამას გაცდენილები ვართ. ჩვენ ახლა ერთ რამეზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, არჩევნებზე მოქალაქეების მოსვლა და ამ რეჟიმის დამარცხება ამ არჩევნებში ისე, რომ შემდეგ სწრაფად იყოს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, თუნდაც გულწრფელი მოტივით, იქცევა ფიქციად და უბრალოდ სპექტაკლად, თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს და არ არის მიზანშეწონილი". - ამბობს გიგა ბოკერია.
პარტიებმა: გირჩმა, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და საქართველოსთვის მხარი დაუჭირეს ლელოს ინიციატივას, მოიწვიონ რიგგარეშე სხდომა და პარლამენტში დაიბარონ სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი. მათ სურთ, ლილუაშვილმა სუს-ის ფაილების შესახებ დასმულ კითხებს უპასუხოს.
ინიციატივას არ უერთდება ნაციონალური მოძრაობა. პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ "ენმ-ის არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად".
***
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.