ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები არაკონსტიტუციური იყო.
როგორც ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რიონის ხეობაში პოლიცია მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავდა.
"აბსოლუტურად ცალსახაა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები, ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით, იყო მთლიანად უკანონო, ანტიკონსტიტუციური, ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებული და ზღუდავდა ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს – პოლიტიკური პროტესტის უფლებას, გადაადგილების თავისუფლებას, შეიძლება ითქვას, სიტყვის თავისუფლებას. მინდა ხაზი გავუსვა, არანაირ კავშირში არ არის შინაარსის შეფასება.
ევროპული საქართველოს პოზიცია არის ძალიან კრიტიკული პროტესტის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად ქსენოფობიურია. ასეთი განცხადებებიც არაერთხელ მოვისმინეთ. არანაირ კავშირში არ არის ამ საკითხთან ის, თუ რა წარმოშობისაა ინვესტორი. საუბრები "ოკუპაციაზე" კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის გზავნილის მქონე ჩვენს მოქალაქეებს აქვთ იგივე კონსტიტუციური უფლებები, რაც ყველა დანარჩენს", - აღნიშნა ბოკერიამ.
რიონის ხეობის მცველები კომპანია ენკას ბაზასთან აქციას მართავდნენ და ითხოვდნენ, რომ კომპანიამ სოფელი ნამოხვანი დატოვოს. მოგვიანებით, აქციის ორგანიზატორებმა კარავთან დაბრუნება გადაწყვიტეს. მანამდე ვითარება რიონის ხეოიბაში დაიძაბა. აქციის მონაწილეები პოლიციისგან თავისუფლად გადაადგილებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიცია მათ პროტესტის ადგილისკენ გადასვლის უფლებას არ აძლევდა.
გუშინ, 11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა.
პოლიციის ამ მოქმედებას დილიდან თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი საპოლიციო ძალის მობილიზება და მოძრაობის სრულად შეზღუდვა ნამოხვანის მიმართულებით, მათ შორის კარვების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ქონდათ პროტესტის ლიდერებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამოხვანში კარვების დაშლის საფუძვლად სრულიად განსხვავებულ და წინააღმდეგობრივ ვერსიებს ასახელებდა. სამინისტრო ოფიციალური განცხადებით უთითებდა მდინარე რიონში წყლის დონის განსაკუთრებული მატებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხეზე. თუმცა, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვების დაშლის საფუძვლად სახელდებოდა მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელშეშლა, ასევე ადგილობრივების არასანდო ქცევა და შედეგად, რიონში თავის დახრჩობის რისკები.
დღეს ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ ENKA გადახნა ტერიტორია, სადაც კარვები იყო განლაგებული.