logo
ENG



ბოკერია ოქრუაშვილის პატიმრობაზე: ეს საქართველოსთვის ზიანის მომტანია

14 აპრ 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

ძალიან დიდ რისკზე მიდის ივანიშვილი, ეს რისკი კი საქართველოსთვის ზიანის მომტანია - ასე აფასებენ ოპოზიციაში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამით მმართველმა გუნდმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე დაწყებული იყო. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველ გუნდს არ უნდა ქონდეს ილუზია, რომ კორონავირუსის გამო, შეთანხმებიდან ყურადღება იქნება გადატანილი.

„ძალიან დიდ რისკზე მიდის ივანიშვილი, ოღონდ ეს საქართველოსთვის ზიანის მომტანია. იმ დროს, როდესაც საქართველოს სჭირდება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერა ამ უმძიმესი გამოწვევის დროს, ამ ტიპის პრობლემების შექმნა ქართული დემოკრატიისთვის და დადებული პირობის არშესრულება, არის ქვეყნისთვის დამატებული ზიანი. საქართველო და მსოფლიო ამას გადალახავს. ჩვენ გვექნება არჩევნები და საქართველოს სჭირდება ნორმალური ვითარება. ნორმალურ ვითრებას შეთანხმების შესრულება სჭირდება. ამ შესრულებაზე ილუზია, რომ ყურადღება გადატანილია და ფოკუსს არავინ მოახდენს, არის სიბრიყვე“, - განაცხადა ბოკერიამ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ პოლიტ. პატიმრები აუცილებლად დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

„ქართულ ოცნებას ეგონა, რომ კორონავირუსის გამო, სად სცალია საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა თავის პრობლემაზეა გადართული და მოდი, იქნებ გავათაღლითო ეს პროცესი და ისევ გადავაგდო მოსახლეობა. ეს არ გამოუვა, არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა დატოვებენ საპატიმროს. ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს არის ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება“, - აცხადებს ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, თუ შეთანხმების ორივე პირობა არ შესრულდება, ის დაირღვევა. 

„ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, თუ არ იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებული და არ შესრულდება ორივე პუნქტი, მაშინ შეთანხმება დარღვეული“, - აცხადებს დეკანოიძე.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი ანზორ ბიწაძე დეკანოიძის მსგავსად შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს.

„ტყუილად ჰგონია ხელისუფლებას, რომ პანდემიის პირობებში დარღვევა შესაძლებელია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა აგრძელებს მუშაობს. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეასრულოს ორივე ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უპრეცედენტო შეთანხმება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა ბიწაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილისთვის 5 წლიან პატიმრობას შეფარდებას, საქართველოში ამერიკის საელჩო  ეხმაურება. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. 

ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს მოხდა. 

გარდა ამისა, ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმებაში შედის პოლიტ. პატიმრების გათავისუფლებაც. 

ამავე თემაზე: მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარებოდა.

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი იყო და ის კონსტიტუციას არ შეესაბამებოდა.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობდნენ, თუმცა გაზრდილი იქნებოდა პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდებოდა. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნებოდა 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოო იყო.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებდნენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაეტარებინა.

მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებდა, რომ 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართებოდაა, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა. ოპოზიციის უარის შემდეგ, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი საბოლოო შეთავაზება გააკეთა 110/40, მაგრამ მათ ოპოზიციისგან კვლავ უარი მიიღეს. 

საბოლოო შეთანხმება კი ოპოზიცია და მმართველ გუნდს შორის, სწორედ 8 მარტს შედგა.


close დახურვა