logo
ENG



ბოკერიას თქმით, თუ მურსაკულოვს ხელს აფარებდნენ, მაშინ ტრაგედია ოცნებასთანაა კავშირში

09 სექ 202112:38
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, თუ დადასტურდა, რომ შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა წარსულში იძალადა და ხელი დააფარეს, მაშინ ტრაგედია ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული.

ბოკერია ამბობს, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის აქტივისტი ან მხარდამჭერი დანაშაულს ჩაიდენს, პასუხისმგებლობა პარტიას არ ეკისრება.

"ყველამ შევიტყვეთ, რომ ეს ადამიანი იყო მხარდამჭერი, აქტივისტი, აქტიური წევრი ივანიშვილის პოლიტიკური ძალის. პირველ რიგში, ჯერ უნდა დადასტურდეს უტყუარი მტკიცებულებებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ამ პირის ბრალეულობა, ამის მერეც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რა რეპუტაციის და სტანდარტებისაც არ უნდა იყოს ის, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება აღმოაჩნდეს აქტივისტი, მხარდამჭერი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს ან მიდრეკილი აღმოჩნდება ძალადობისკენ და ამაზე ეს პოლიტიკური ძალა ავტომატურად პასუხს არ აგებს, მაგრამ თუ ამ პირის ბრალეულობა დადასტურდა და თუ დადასტურდა ის ამბავი, რაც ასევე გუშინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ამ პირთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით, თან ძალიან საშიში ფორმით ძალადობასთან დაკავშირებით და ამ საჩივრის იგნორირება მოახდინა პოლიციამ, ან იძულებული იყო იგნორირება მოეხდინა იმიტომ, რომ მას კავშირი ჰქონდა მმართველ გუნდთან, მაშინ კი ეს ტრაგედია, ეს შემზარავი დანაშაული პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკასთან", - განაცხადა ბოკერიამ ბრიფინგზე.

8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც თქვეს, რომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ფორმულამ გაარკვია, რომ დაკავებულია 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული

მურსაკულოვი Facebook-ზე უწერია, რომ ქართულ ოცნებაში მუშაობს, გარდა ამისა, ვრცელდება ფოტოები, სადაც ის ქართული ოცნების წევრებთან ერთადაა გამოსახული. მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი ზარქუაა, ხოლო მეორე ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ქართული ოცნების შტაბის უფროსი გიორგი ღამბაშიძეა.

მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 

ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.


close დახურვა