logo
ENG



ბოკუჩავა: ბარიერგადალახულ ოპოზიციასთან დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციურ მთავრობაზე

26 ოქტ 202420:06
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ Edison Research-ის ეგზიტპოლით არა რომელიმე პარტიამ, არამედ ქართველმა ხალხმა და საქართველოს ევროპულმა მომავალმა გაიმარჯვა.

ბოკუჩავას თქმითვე, უახლოეს პერიოდში ბარიერგადალახული პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციებს დაიწყებენ.

"მიუხედავად ძალადობისა, გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა ქართული ოცნება, ივანიშვილის დრო დასრულდა. ეს ვნახეთ ჩვენ იმ ეგზიტპოლებში, რომლებიც ახლა გამოქვეყნდა. ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ა, ნდობას, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხისგან, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. შესაბამისად, უმოკლეს დროში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში"- თქვა ბოკუჩავამ. 

მან ასევე ისაუბრა არჩევნებში პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლზე და ქართულ ქარტიაზე.

"მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტი ზურაბიშვილის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ქარტია, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც დღეს მიიღო ქართველი ხალხის ნდობა, არის ამავდროულად ხელმომწერი ქართული ქარტიის. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტი ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი ქართული ქარტიის ირგვლივ იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა და ქვეყანა დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე"- თქვა ბოკუჩავამ.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ფორმულას ეთერში Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგი გამოცხადდა. 

18:00 საათის მონაცემებით, შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ოპოზიცია - 51.9%
  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 40.9%

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა ეგზიტ- პოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.


close დახურვა