ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე ქართული ოცნების დამაზიანებელ პოლიტიკასა და 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ბოკუჩავას თქმით, ქართული ოცნება საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ქვეყნის ევროკავშირში, ასევე NATO-ში ინტეგრაციას. მათ შორის, ბოკუჩავა ამბობს, რომ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის კომუნიკედან საქართველოს საკითხი ამოღებულია.
"დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან დემოკრატიის და სამოქალაქო საკითხებში, რომელიც ჩამოსულია საქართველოში აქ შექმნილი სიტუაციის გამო. აშშ ხედავს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე დღეს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს MEGOBARI Act-ს, რომელიც, როგორც იცით, ერთის მხრივ სთავაზობს საქართველოს ისეთ სიკეთეებს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა, დამატებითი მხარდაჭერა თავდაცვის მიმართულებით, გაღრმავებული და ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ ასევე განიხილავს ინდივიდუალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაზე.
აღნიშნული აქტის განხილვა მოხდა გუშინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ის კონგრესში, ხოლო დღეს იგეგმება ამ აქტზე კენჭისყრა. ასევე, დღეს ვაშინგტონში არის NATO-ს სამიტი, რომლის მოსამზადებელ საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდი რამდენიმე დღის წინ, სადაც სამწუხაროდ, რეალურად აღარ არის საუბარი საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაში. ყოველთვის, ყველა კომუნიკეში, საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც იღებს NATO-ს სამიტი, ტრადიციულად იყო საუბარი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ დღეს სწორედ ივანიშვილის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, რომელიც მიზნად ისახავს არა საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, არამედ საერთაშორისო იზოლაციას, დღეს ვხედავთ რომ ამოღებულია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი. ასევე, გაყინულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რაზეც ღიად ისაუბრა ელჩმა.
ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი გზა, რომ დავაბრუნოთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არის ერთიანობით გავიმარჯვოთ არჩევნებში, ერთიანობით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. ერთიანობით დავიბრუნოთ კეთილდღეობის, უსაფრთხოების და მშვიდობის შანსი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები სწორედ ერთიანობაზე და არა დანაწევრებაზე, საერთაშორისო ინტეგრაციაზე - არა იზოლაციაზე, კეთილდღეობაზე და არა სიდუხჭირეზე გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას", - თქვა ბოკუჩავამ.