logo
ENG



ბოკუჩავა: ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა

30 ივნ 202411:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/30/2pip5j42dl9zmz0.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პლენარულ სესიაზე დებატები მოლდოვასა და უკრაინაზე, ასევე რეგიონში რუსეთის მავნე გავლენებზე მიმდინარეობდა. თინა ბოკუჩავამ ადამიანის უფლებათა კუთხით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა.

ბოკუჩავას თქმით, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველო ე.წ. ასოცირებულ ტრიოში ერთ დროს მოწინავე ქვეყანა იყო ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა.

"რუსეთის ოკუპაცია საქართველოში გრძელდება. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. გრძელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო გატაცებები, უკანონო დაკავებები და მკვლელობები. ასევე იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, განათლების უფლება და კერძო საკუთრების უფლება. სამწუხაროდ, ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა, მაგრამ ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას. ამიტომ, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზება", - აღნიშნა ბოკუჩავამ.


close დახურვა