ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები გაიწვიოს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები - თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი ოცნებასთან დაახლოებული პირები არიან. თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს დასაკომპლექტებლად ახალი კანდიდატების წარდგენისკენ მოუწოდებს.
"ქვეყნის საფინანსო სისტემა ჩამოშლის პირასაა. დღეს თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის ორმა ვიცეპრეზიდენტმა, იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ნათია თურნავამ გუშინ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიიღო. გადაწყვეტილება, რომელიც ღიად არღვევს აშშ-ის სანქციებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემას. თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც შეხება აქვს საბანკო სისტემასთან, მათ შორის, იმ მოქალაქეებს, რომლებიც გზავნილებს იღებენ საზღვარგარეთიდან. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არის ღია მცდელობა ასევე, რომ საქართველომ მორიგ ჯერზე დაკარგოს კანდიდატის სტატუსი.
ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლი. ნათია თურნავა თანამდებობაზე დასამტკიცებლად დაინიშნა სწორედ პრეზიდენტი ზურაბიშვილის წარდგინებით. დღეს, ეროვნული ბანკის ორი დამატებითი წევრია წარმოდგენილი პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან. მთავარი ამოცანა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის, რომ გაუქმდეს ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ნათია თურნავამ მიიღო. პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები - თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი, რომლებიც ოცნებასთან დაახლოებული პირები არიან, უნდა გაიწვიოს საქართველოს პრეზიდენტმა და წარმოადგინოს ახალი კანდიდატები ეროვნული ბანკის საბჭოს დასაკომპლექტებლად, რომლებიც იმოქმედებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად და არა რუსი ჯაშუში ოთარ ფარცხალაძის და ბიძინა ივანიშვილის დასაცავად.
მოვუწოდებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, გაიწვიოს წარმოდგენილი კანდიდატები, რათა პარლამენტმა ვერ შეძლოს თურნავა-ფარცხალაძის კლანის განმტკიცება ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში. ეს იქნება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის, არამედ ქვეყნის ევროპული არჩევანის დასაცავად", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.