logo
ENG



ბოკუჩავა: ოცნებას ჰგონია, აირიდა ვადამდელი არჩევნების საფრთხე - ის აუცილებლად ჩატარდება

28 ივლ 202117:27
3 წუთის საკითხავი
 

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში გარდაუვალია და ამიტომაც მმართველ პარტიას ფუჭად ჰგონია, რომ მიშელის შეთანხმებიდან გასვლით რაიმე საფრთხე აიცილა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ქართულმა ოცნებამ იცოდა, რომ 43%-ს ვერ აიღებდა და სწორედ ამიტომ დატოვა შეთანხმება. თუმცა პარტნიორების მხრიდან არსებობს მოლოდინი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით და დოკუმენტის ანულირებით ეს მოლოდინები არ იცვლება.

„ფაქტი ჯიუტია, რომ ეს 43% ქართული ოცნებისთვის წარმოადგენდა ძალიან დიდ საფრთხეს და ამით გონიათ, რომ აიცილეს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა. ამ დოკუმენტიდან გასვლის შემთხვევაშიც, ხელმეორედ ხელმოწერის შემთხვევაშიც და ნებისმიერი სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ქართული ოცნების მიმართ უკვე არსებობს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ამიტომ ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი, აუცილებლად ჩატარდება", - აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

ოპოზიციის მიერ პარლამენტიდან გასვლაზე ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ ეს მოლაპარაკებების შემდეგ მიღებული საერთო გადაწყვეტილება უნდა იყოს.

„გავივლით კონსულტაციებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება", - ამბობს ბოკუჩავა.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს. ლელოში კი არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.


close დახურვა