„აბსოლუტურად ყველა, „ქართული ოცნების“ გარდა, თანხმდება იმაზე, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდა და აქვს ორი კომპონენტი - ერთი ეხება პოლიტპატიმრებს და მათ გათავისუფლებას, ხოლოდ მეორე საკონსტიტუციო ცვლილებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, თუ ორივე პირობა არ შესრულდება, შეთანხმება ჩაიშლება და ამაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იქნება.
„შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი, როგორც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და რაც დაადასტურა ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის ერთობლივმა განცხადებამ, ისევე როგორც სენატორი რიშის პოსტმა და კონკგერსმენ კინზინგერის პოსტმა. ცალსახაა ის, რომ აბსოლუტურად ყველა „ქართული ოცნების“ გარდა, თანხმდება იმაზე, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდა და აქვს ორი კომპონენტი - ერთი ეხება პოლიტპატიმრებს და მათ გათავისუფლებას, ხოლოდ მეორე საკონსტიტუციო ცვლილებას. პრაქტიკულად სრული ოპოზიცია აქამდე თანხმდებოდა იმაზე, რომ ერთი კომპონენტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბუნებრივია ჩაშლილად ჩაითვლება ეს ხელშეკრულება და მას ჩაშლის ივანიშვილი, რომელმაც უარი განაცხადა პოლიტპატიმრების გამოშვებაზე ამ დრომდე. ჩვენ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ შევაჯეროთ პოზიციები, რადგან მნიშვნელოვანია ერთიანი ფრონტის შენარჩუნება“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა, ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს.
„მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამოწვევამ გარკვეულწილად შეცვალა ურთიერთობის ფორმატები, თუმცა გრძელდება მჭიდრო კავშირი, მჭიდრო ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ევროკავშირის საელჩოსთან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მინუს „ქართული ოცნება“, ერთ აზრზეა, რომ ხელშეკრულების ორივე კომპონენტის შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა იწყება. ხელისუფლების ოპონენტები, მმართველ გუნდთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ. შეხვედრას როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრის შემდეგ ისინი სავარაუდოდ ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ.