logo
ENG



ბოკუჩავა და წითლიძე მგალობლიშვილის ალკოჰოლურ ტესტზე შემოწმებას ითხოვენ

17 ნოე 202316:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/17/l658pisrmn0o90o.jpg

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, თინა ბოკუჩავა და ანა წითლიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარის შემდეგ, ოცნების დეპუტატის, ლევან მგალობლიშვილის ალკოჰოლურ ტესტზე შემოწმებას ითხოვენ. ამის შესახებ დეპუტატებმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

ბოკუჩავამ ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა ოცნების კაცი დეპუტატების მხრიდან ქალ ოპოზიციონერ კოლეგებზე თავდასხმები. 

"დღეს ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია საპარლამენტო დებატებისასა საქართველოს საჭირბოროტო საკითხებზე პოზიცია, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ძალიან კარგად სცოდნია უხამსი, ამორალური თავდასხმის, გინების გამოყენება საპარლამენტო სხდომათა დარბაზში. 

მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ამ დეპუტატს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს, რომ ის არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს და კანონმდებლობას და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფება პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს დეპუტატების წინაშე და დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მოთხოვნით მივმართავთ, მათ შორის, პირადად, გია ვოლსკის, რომელიც დღეს არის თავმჯდომარის როლში პარლამენტის სხდომაზე", - განაცხადა მან. 

ანა წითლიძის თქმით, მმართველი პარტიის წევრების ქმედებები იმის მაჩვენებელია, რომ ისინი სრულ ისტერიკაში არიან. 

"მე მინდა მივმართო ქართული ოცნების ლაჩარ კაც დეპუტატებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკოს ქალებსაც ასე შეუძლიათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დღეს ჩვენ ვნახეთ მცდელობა იმის, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა ჩვენსთვის, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ და ამით უკან დახევენ, ამით მხოლოდ აჩვენებენ თავის სისუსტეს და როცა პასუხები არ აქვთ, გადადიან ამაზე. აჩვენებენ იმას, რომ არიან სრულ ისტერიკაში

თუ ეს არის ნამდვილად პარლამენტი, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს ვოლსკიმ, არის ის, რომ დაუწესოს სანქცია ბატონ მგალობლიშვილს იმასთან დაკავშირებით, რაც იკადრა დარბაზში. ასევე, ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ადამიანი ალკოჰოლური ტესტზე, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ იყო ფხიზელი", - აღნიშნა წითლიძემ.

დეპუტატების თქმით, მგალობლიშვილი შეუსაბამოა პარლამენტის წევრის თანამდებობისთვის და ის არ უნდა წყვეტდეს ქვეყნის ბედს. 

დღეს მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია. 

 

close დახურვა