ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი რუსული კანონის "მორიგ ნაირსახეობას წარმოადგენს".
"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც დღეს გამოვა საქართველოს პარლამენტის ბიუროზე, წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას, რომელიც მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.
ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ეშინია იმ მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ. მოვუწოდებთ პარლამენტს, ვენეციის კომისიის და უეთო/ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა", - ამბობს ბოკუჩავა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნება დღეს საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მკაცრი რეგულაციები შედის.
ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.
კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".