ბაღადათის რაიონში გაურკვევლობაა. რაიონის 20 მცხოვრები თვითიზოლაციაშია. მიზეზი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ბაღდათის რაიონში ოჯახის წევრებთან იმყოფებოდა. სავარაუდო შემთხვევების აღმოსაჩენად სოფელ შუბანში, მოსახლეობის ინტენსიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ამ დროისთვის კარანტინში ახალგაზრდა კაცის ოჯახის 5 წევრი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ კაცი ქუთაისში ცხოვრობს, ნათესაური კავშირის გამო ის ქობულეთის კლასტერად მიიჩნევა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კოვიდ-19-ით დადასტურებული კიდევ 4 პაციენტი მოათავსეს. ორი შემთხვევა ვანის და ფარცხანაყანების კლასტერს უკავშირდება. ბებია და 5 წლის შვილიშვილი კი ქუთაისში ბათუმიდან გადაიყვანეს. რეგიონს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტიც ჰყავს.
ვანში, თერჯოლაში და ბაღდათში დაფიქსირებული შემთხვევების მიუხედავად ხელისუფლება რეგიონის მთლიანად ჩაკეტვას ჯერ არ ვარაუდობს. მხარის გუბერნატორის თქმით, ეპიდემიოლოგები სავარაუდო შემთხვევათა სტატისტიკას აკვირდებიან.
კოვიდ-19-ის გამო საქართველოში ამ დროისთვის 3 მუნიციპალიტეტია ჩაკეტილი. იქნება თუ არ ბოლნისის, მარნეულის და ლენტეხის შემდეგ იმერეთი, ეს იმ ტესტების შედეგებზეა დამოკიდებული, რომლის პასუხს ქუთაისში ხვალ ელოდებიან.