მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში 19-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, თუმცა, მისივე განმარტებით, სტატისტიკა მართვადი და იმედისმომცემია.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა კლინიკაში მყოფი პაციენტების შესახებ და განაცხადა, რომ კრიტიკულ პაციენტებშიც შეინიშნება დასტაბილურება.
„გაზრდილია სტატისტიკა, მაგრამ იმედისმომცემია ის, რომ ზომიერი და კონტროლირებადია. გუშინ დილას იყო 233, აქედან სამი შემოტანილია და არ ვათვლით. ამ 233-ს 24 საათში დაემატა 19, ანუ გვაქვს 252 შემთხვევა. აქედან 60 გამოჯანმრთელებულია, 40 არის ჩვენი პაციენტი. თუ გამოჯანმრთლებულებს გამოვაკლებთ, 192 მკურნალობს ამ ეტაპზე. ბათუმიდან დედა-შვილი გადმოიყვანეს, მაგრამ არ ველით დაავადების პროგრესირებას. ვუტარებთ კვლევებს. ამ ორის გარდა ახალი პაციენტები არ გვყავს. სამი კრიტიკულიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა, მძიმე პნევმონიებიდან კრიტიკულია მხოლოდ ორი, მაგრამ შეინიშნება სტაბილიზაცია - ერთია მხოლოდ ისეთი მძიმე, რომ მისი პროგნოზირება რთულია. 16 პაციენტთან გაკეთდა ტესტირება, აქედან 15 იყო უარყოფითი - გაგრძელდება მათი მონიტორინგი", - აცხადებს მარინა ეზუგბაია.
ერთ-ერთი ექიმის განცხადებაზე, რომ ნიკა გვარამიას ინფიცირების შემთხვევაში არ უმკურნალებდა - მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მსგავსი შეხედულება ნებისმიერი ექიმისთვის მიუღებელია, რადგან პაციენტის მკურნალობა არ არის დამოკიდებული პიროვნებაზე.
„წარმოუდგენელია, ექიმმა ვინმეს არ უმკურნალოს - ქრისტიანი ადამიანი უარს არ ამბობს სხვების დახმარებაზე, მტერი უნდა გიყვარდეს შენიო. პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს - ის არის ავად და მას უნდა უმკურნალო", - განმარტა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.