logo
ENG



ბოლო 24 საათში შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 198 ფაქტი გამოავლინა

15 აპრ 202013:49
3 წუთის საკითხავი
 
3aatbt5nc84fqqk.jpg

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და .. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 198 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ, 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის დილის 6 საათამდე, .. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 90 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, დაჯარიმდა 91 მოქალაქე. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 17 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით“, - აცხადებენ სამინისტროში.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 69-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა