საპატრულო პოლიციის ბრალეულობით 4 ადამიანია დაღუპული, მათ შორის სამი არასრულწლოვანი ბოლო ორ თვეში. პოლიციელი, რომელიც ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე 12 წლის მოზარდს დაეჯახა, დაკავებულია. ბიჭი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც, სადაც სამართალ დამცველები ფიგურირებენ. უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში დააკავეს 4 სამართალდამცველი, რომელთა აგრესიულ მართვას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ერთ-ერთია დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამართალდამცველმა 16 წლის გოგოს სიცოცხლე შეიწირა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ტრაგიკული შემთხვევების გახშირების მიზეზი პოლიციელების დაუსჯელობის მავნე პრაქტიკაა. მათი თქმით, სამართალდამცველების მიერ საგზაო წესების დარღვევა ასევე წაახალისებს იმ მზარდ დანაშაულს, რომლის შედეგადაც ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დაღუპულთა რიცხვი საგანგაშო ხდება.
სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს, 2020 წლის ექვსი თვის მანძილზე ავტოავარიაში 203 ადამიანი დაიღუპა, მათგან ათი არასრულწლოვანია. ავტოავარიების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კი 3000-ზე მეტია.