logo
ENG



ბორელი: 16 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია, იმედი გვაქვს, ღარიბაშვილისგან პროგრესს ვიხილავთ

09 მარ 202121:27
3 წუთის საკითხავი
 
ბორელი: 16 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია, იმედი გვაქვს, ღარიბაშვილისგან პროგრესს ვიხილავთ

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი ჟოზეფ ბორელი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული დისკუსიისას სიტყვით გამოვიდა და 16 მარტს ასოცირების საბჭოზე პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მოსალოდნელი ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

"სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სერიოზული შეშფოთების საფუძველი გახდა ბოლო თვეების განმავლობაში, პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის გამო. ეს ვითარება ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველ რისკებს ქმნის. კვლავ გავიმეორებ ჩვენს მტკიცე ხედვას, რომ აუცილებელია, ყველა მხარემ იმოქმედოს სიტუაციის დეესკალაციისა და საერთო ნიადაგის მოსაძებნად.

ევროპული კომისიის პრეზიდენტი სულ ახლახანს ეწვია საქართველოს და ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ამ ვიზიტის განმავლობაში, მან მიიღო მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებს შორის დისკუსიაში და უკან დაბრუნების შემდეგ, გუშინ საღამოს განაცხადა, რომ საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ მედიაციაში მონაწილეობის მისაღებად გზავნის.

მოუთმენლად ველით საქართველოში პოლიტიკური პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე გაუწევს ამ პროცესს მედიაციას. ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი კომპრომისული შეთანხმების მიღწევის მიზნით. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან და რიტორიკისგან. 

პროგრესის მიმართულებით, ევროკავშირი პრიორიტეტად ისახავს დემოკრატიის კონსოლიდაციას, საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკურ სტაბილურობის და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესის ჩათვლით. დამოუკიდებელი და ამავდროულად ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება ასევე უპირატესი მნიშვნელობისაა. 

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ პროგრესი უახლოეს მომავალში, როდესაც 16 მარტს ასოცირების საბჭოზე საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი თარიღი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პროგრესს ნამდვილად ვიხილავთ.

ვერცერთი ქვეყანა ვერ გაძლებს პოლიტიკურ კრიზისში დიდი ხნის განმავლობაში. პოლიტიკური აქტორების ვალია ქართველი ხალხის წინაშე, რომ შესთავაზონ მათ სტაბილური პოლიტიკური კონტექსტი. პრეზიდენტ მიშელთან ერთად მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, უერთგულონ კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულ დიალოგს, ყველა მხარისთვის მისაღები შედეგის მისაღწევად", - განაცხადა ბორელმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. 

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა ჩარჩო შეთანხმებაც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო საკითხებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა. 


close დახურვა