ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკომისიის წინადადება და ანალიზი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგში ევროკავშირის გაფართოების და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხები დგას.
"ორბანმა მთელ მსოფლიოში იმოგზაურა, ესტუმრა პრეზიდენტ მაკრონს, ჩავიდა არგენტინაში. დიახ, ეს საკითხი იქნება ძალიან განსახილველი საკითხების დღის წესრიგში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ერთიანობა არ დაირღვევა, რადგან ახლა არ არის დრო, რომ დავასუსტოთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, ახლა მიზი გაზრდის დროა.
რაც შეეხება საქართველოს, ის კარგად ასრულებს საქმეს, ევროკომისიის წინადადება და ანალიზი ძალიან პოზიტიურია და მხარს ვუჭერ საქართველოს, რომ გააგრძელოს ამ გზაზე სვლა", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.