logo
ENG



ბორელი: უკრაინაში ახალმა სამხედრო დახმარების მისიამ სრულ ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია

02 დეკ 202221:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/02/fsr9q4tn3tdxs0n.jpg

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში ახალმა სამხედრო დახმარების მისიამ სრულ ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია.

"მოხარული ვარ გითხრათ, რომ მისიის მეთაურის, ადმირალ ბლეჟანის თქმით, მისიამ სრულ ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია. მისია უკვე ფუნქციონირებს, მისია მოამზადებს 15 000 უკრაინელ სამხედროს. ეს ევროკავშირის ბიუჯეტს 100 მილიონი ევრო დაუჯდება", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელის თქმით, ამ დროისთვის, 1100 უკრაინელი ჯარისკაცი უკვე გადის მისიის ფარგლებში სხვადასხვა ბანაკებში წვრთნას.

"მისიაში ევროკავშირის 20 ქვეყანა მონაწილეობს. ეს არის ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების მისია, რომელიც ევროკავშირს ოდესმე შეუქმნია რომელიმე პარტნიორისთვის. ევროკავშირი დამატებით 16 მილიონ ევროს გამოყოფს, რომელიც საწვრთნელ აღჭურვილობას მოხმარდება. გარდა ამისა, ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის ნაწილი, მისიის მხარდასაჭერად 50 მილიონ ევროს გამოყოფს", - განაცხადა ბორელმა.

17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო დახმარების მისიის შექმნის შესახებ და იარაღის შესაძენად დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყო.

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნის საპასუხოდ, მისია გაუწევს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ წვრთნას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, ასევე წვრთნაში მონაწილე წევრი სახელმწიფოების საქმიანობის კოორდინაციას.


close დახურვა