logo
ENG



ბორელი და ვარჰეი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი

15 მაი 202413:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/rydo9rhevxqqcx0.jpg

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.

ისინი ხაზს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამასთანავე მკაცრად გმობენ მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა, ჟურნალისტებზე, ისევე როგორც მათ ოჯახებზე და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით შესაბამისი გამოძიება ჩაატაროს.

"ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადადგმულია 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული შესაბამისი 9 ნაბიჯი. ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას და და იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას, ისევე როგორც მედიას, შეეძლოს თავისუფლად ფუნქციონირება. ისინი ასევე ეხება დეპოლარიზაციის აუცილებლობას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას", - აღნიშნულია წერილში.

ბორელი და ვარჰეი წერილში ხაზს უსვამენ, რომ რუსული კანონის შინაარსი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, რაც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას.

"ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. არჩევანი წინსვლის გზაზე საქართველოს ხელშია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი, დაიცვან ევროკავშირის გზისადმი ერთგულება და გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რომლებიც აღწერილია 9 ნაბიჯში. ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ", - აღნიშნულია წერილში.


close დახურვა