logo
ENG



ბორელი ნავალნიზე: EU ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი აგოს

19 თებ 202423:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/fwwkocawb2hyqfb.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "EU აღშფოთებულია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვით, რაზეც საბოლოო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება".

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ნავალნის უეცარი სიკვდილის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას.

გარდა ამისა, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის იური დმიტრიევი, ვლადიმერ კარა-მურზა, ილია იაშინი, ალექსეი გორინოვი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა, ალექსანდრა სკოჩილენკო და ივან საფრონოვი.

"ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ხელისუფლებამ პასუხი აგოს; ასევე შემდგომ მაღალ ფასს გადაახდევინებს მათი ქმედებებისთვის, მათ შორის სანქციების მეშვეობით.

ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ხალხი მთელ მსოფლიოში შეიკრიბა. რუსეთში ხელისუფლებამ რიგ ადგილებში ამის თავიდან აცილება სცადა და რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

ბ-ნი ნავალნი მამაცურად დაბრუნდა რუსეთში, ქიმიური იარაღის კონვენციის (რომლის მონაწილე სახელმწიფო ასევე არის რუსეთის ფედერაცია) მიხედვით აკრძალული ნერვულ-პარალიზებელი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. ის პოლიტიკურად მოტივირებულ რამდენიმე სასჯელს ციმბირის მკაცრი სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდიდა, სადაც დანარჩენი სამყაროსგან იზოლირების მიზნით გადაიყვანეს. მის ოჯახს მასთან წვდომა შეუზღუდეს. მის ადვოკატებს ავიწროებენ და სამი მათგანი 2023 წლის ოქტომბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ევროკავშირმა არაერთხელ უმკაცრესად დაგმო ბ-ნ ნავალნის მოწამვლა და  მის წინააღმდეგ ყველა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება ლეგიტიმური პოლიტიკური და ანტიკორუფციული საქმიანობის გამო და მისი დაუყონებლივი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა რუსეთს უზრუნველყო ბ-ნი ნავალნის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, მათ შორის მოსკოვში ხელისუფლებასთან მიმართვით, მაგრამ უშედეგოდ.

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ბ-მა ნავალნიმ გამოავლინა წარმოუდგენელი გამბედაობა, თავისი ქვეყნისა და თანამოქალაქეებისადმი თავდადება; მისი შეუპოვრობა  მთელს რუსეთში ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით იყო გზავნილი, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. პუტინს და მის რეჟიმს სწორედ ამიტომ ეშინოდათ მისი და ასევე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე უკანონო აგრესიული ომისა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების (მარტში) კონტექსტში.

ბ-ნი ნავალნის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი სიკვდილი რუსეთში მზარდი და სისტემატური რეპრესიების კიდევ ერთი ნიშანია. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის იური დმიტრიევი, ვლადიმერ კარა-მურზა, ილია იაშინი, ალექსეი გორინოვი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა, ალექსანდრა სკოჩილენკო და ივან საფრონოვი"- ნათქვამია განცხადებაში.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა