logo
ENG



ბორელი ორბანის მოსკოვში ვიზიტზე: უნგრეთის პრემიერი EU-ს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს

05 ივლ 202416:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/05/nwnipfgrj2mrh8a.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ ვიზიტი ექსკლუზიურად, უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მიმდინარეობს.

ბორელის განცხადებით, ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან მოსკოვში ვიზიტის მანდატი არ მიუღია.

"ევროკავშირის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე აისახება ევროპის საბჭოს ბევრ დასკვნაში. ეს პოზიცია გამორიცხავს ოფიციალურ კონტაქტებს ევროკავშირსა და პრეზიდენტ პუტინს შორის. ამრიგად, უნგრეთის პრემიერმინისტრი არ წარმოადგენს ევროკავშირს არავითარი ფორმით", - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. პრესსპიკერის თქმით, ვიქტორ ორბანი მოსკოვს სამშვიდობო მისიის ფარგლებში ეწვია.

უნგრეთის პრემიერმინისტრი დასავლელ ლიდერებს შორის რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია ან შეუფერხებია უკრაინისადმი დასავლეთის სამხედრო დახმარება. 

ვიქტორ ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 2 დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

ვიქტორ ორბანი ბოლოს რუსეთში 2022 წლის სექტემბერში იყო, სადაც მიხეილ გორბაჩოვის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მას შემდეგ ის ვლადიმერ პუტინს მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრია.

ამ თვის დასაწყისიდან უნგრეთი, როტაციულად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

 

 

 


close დახურვა