logo
ENG



ბორელი საოკუპაციო ხაზთან: სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს მონიტორინგს, ხალხის დახმარებას

08 სექ 202320:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/08/pkmhw9z1j75a1dc.png

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს მონიტორინგს და ქართველი ხალხის დახმარებას.

"აქ უკვე 15 წელია, ევროპის ქვეყნებიდან ათასობით წარმომადგენელი აკონტროლებს მიმდებარე ტერიტორიას და საოკუპაციო ხაზს. თითქმის 100 000 საათია, ეს ადამიანები დღე და ღამე, 7 დღის განმავლობაში, სიცხეში თუ ყინვაში, მისიაში არიან ჩართული, რომელიც ადგილობრივების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მე დღეს ვესაუბრე ადამიანებს, რომლებსაც მოუწიათ სახლების დატოვება. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს მონიტორინგს და მათ დახმარებას", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელი 2-დღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე, უმრავლესობის წევრებთან და საქართველოს პრემიერმინისტრთან.

ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ამ დრომდე, სრულად მხოლოდ 3-ია შესრულებული. ბორელმა შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამოც, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის წევრია და EU მას არასდროს მიატოვებს.


close დახურვა