ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა რუსული ნავთობის აკრძალვაზე ერთიანობას ვერ მიაღწიეს.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ "სამწუხაროდ", შეუძლებელი იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმების მიღწევა.
"დღეს შეთანხმების მოპოვების მცდელობა არც კი იყო დღის წესრიგში, რადგან ვიცოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო"- თქვა ბორელმა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, დღეს ამ საკითხზე კონსტრუქციული დისკუსია ჰქონდათ.
"ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული დისკუსია იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ზოგიერთი წევრი ქვეყანა თავს იკავებს - არა მხოლოდ ნავთობის აკრძალვის, არამედ სანქციების პაკეტის სხვა ელემენტებთან დაკავშირებით", - განაცხადა ბორელმა.
4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა. მან 4 სხვადასხვა ტიპის სანქციაზე ისაუბრა.
ლაიენის თქმით, სანქციები შეეხება ნავთობს, ჯარს, ბანკებსა და ტელევიზიებს.