ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, გერმანიის მხრიდან უკრაინას ტანკები უნდა მიეწოდოს.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის მორიგი ტრანშის გამოყოფას განიხილავენ. საუბარია 500 მილიონ ევროზე, რომელიც უკრაინას, შესაძლოა, სამხედრო დახმარების სახით გამოუყონ. შეხვედრის დაწყებმადე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ 27 წევრი ქვეყანა შეთანხმებას მიაღწევს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას უნგრეთი ეწინააღმდეგება. თავად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
"ჩვენი საუბრის მთავარი თემა უკრაინაში ომი იქნება. ასევე შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა, ვისაუბრებთ დაფინანსების ზრდაზე, საუბარი შეეხება რამშტაინის შეხვედრის შედეგებსაც. შედეგები იყო საინტერესო, მიიღეს კარგი გადაწყვეტილებები, მათ შორის იარაღის მომარაგებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გერმანიის მიერ უკრაინისთვის ტანკების გაგზავნას, ამ გადაწყვეტილებას ყველა წევრი ქვეყანა ეროვნულ დონეზე იღებს, თუმცა გერმანიამ უკვე ძალიან დიდი რესურსი გაიღო. მე პირადად ვფიქრობ, რომ ასეთი იარაღი უკრაინას უნდა მიეწოდოს, თუმცა გადაწყვეტილება ქვეყნებმა უნდა მიიღოს. იმედია, მიიღწევა პოლიტიკური კონსესუსი", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ბრიუსელში დღეს სანქციების ფარგლებში გაყინული რუსული აქტივების, მათ შორის რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს უკრაინის აღმშენებლობისთვის გამოყენების საკითხსაც განიხილავენ.