ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არ არის საჩუქარი ჰამასისთვის. ამის შესახებ ის ესპანურენოვან გამოცემა El País-ს ესაუბრა.
"პალესტინური ავტონომიის გაძლიერება არ ნიშნავს ჰამასის გაძლიერებას, პირიქით. ამის მიზანია ძალის შემატება პალესტინური საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც ვაღიარებთ და რომელთანაც ვმუშაობთ", - თქვა ბორელმა.
რამდენიმე დღის წინ პალესტინის სახელმწიფო ნორვეგიამ, ესპანეთმა და ირლანდიამ აღიარეს. ისრაელმა ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: "გადავწყვიტე, ისრაელში ესპანეთის წარმომადგენლობასა და პალესტინელებს შორის კავშირი გავწყვიტო და ესპანეთის საკონსულოს იერუსალიმში დასავლეთ სანაპიროს პალესტინელებისთვის მომსახურების გაწევა ავუკრძალო".
ბორელის თქმით, ისრაელმა უნდა მიიღოს, რომ მას გააკრიტიკებენ.
"ისრაელი უნდა შეეგუოს, რომ ის შეიძლება გააკრიტიკონ ადამიანებმა, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ის კარგად აკეთებს საქმეებს და ის, რაც ღაზაში ხდება, რა თქმა უნდა აწუხებს ხალხს ევროპასა და მთელ მსოფლიოში", - აღნიშნა მან.
პალესტინის სახელმწიფოს დიდი შვიდეულის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს. ამასთან გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან პალესტინის სახელმწიფო 140-ზე მეტმა აღიარა.